-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
ღამბარაშვილი გაბრიელი გრიგოლის ძე (24. VII. 1878, გორი, თბილისის გუბერნია-18. VII.1954). ექიმი, საზ. მოღვაწე, საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1941), მედიცინის მეცნ. დოქტორი (1912), შრომის წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი. დაამთავრა ბერლინის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი (1907). იყო პროფ. ა. გუბარევისა და ვ. სნეგირევის მოწაფე. სტუდენტობის პერიოდში გერმ. ენაზე გამოაქვეყნა ორი მეცნ. გამოკვლევა აორტის ანევრიზმისა და ღვიძლის სიდეროზის შესახებ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „К вопросу о влиянии экстракта яйчников на сосудистую систему и его отношение к gl. thyreoidea“ (1912). იყო მოსკ. უნ-ტის მეან-გინეკოლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი (1912-1917); ამავე კათედრის პრივატ-დოცენტი და კათედრის პროფესორი (1917- 1920); მოროზოვის სახ. სიმსივნეების ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი. მოსკ. მუშაობის პერიოდში მისი თაოსნობით ქართ. ენაზე იბეჭდებოდა სამედ.-საგანმან. ლიტ-რა. გარდა თავისი პროფ. საქმიანობისა, ფართოდ იყო ჩართული ქვეყნის საზ. საქმიანობაშიც. იგი ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბისა (1911 წლიდან) და ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918), შემდეგ კი ნამდვილი წევრია და აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზ-ბის საქმიანობაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თსუ-ის პროფ. საბჭოს მოწვევით, იყო ქართ. უნ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის პროფესორი (1920); თსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ხელმძღვ. (1920-1930); თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის გინეკოლოგიის კათედრის ხელმძღვ. (1930-1954). იგი გახლდათ თეორ. და პრაქტ. გინეკოლოგიის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართვ. და მეან-გინეკოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე. საქართვ. დანერგა მრავალი გინეკოლოგიური ოპერაცია და შეიმუშავა ხელოვნური საშოს შექმნის მეთოდი. მან შეისწავლა რენტგენო და რადიოთერაპია, ონკოლოგია, ჰორმონო-თერაპია და სხვა საკითხები. ქართ. ენაზე შეადგინა გინეკოლოგიური სახელმძღვანელო (1941) .
ლიტ.: ტატიშვილი, ი. (თანაავტორი). (1960). მოსკოვის უნივერსიტეტი და ქართველი ახალგაზრდობა. თბ., საბჭ.საქართველო.